Pages

ქსელში ჩართული სკოლების კოორდინატორი







პროგრამა „სასკოლო ქსელები“ თანამშრომლობისათვის
                                                                                                                  რა?

სასკოლო ქსელების პროგრამა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საფუძველზე შეიქმნა. 2013 წლიდან საქართველოს 206 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის პილოტირება, რომელმაც პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებში შექმნა მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფები, ჯგუფები, რომლებსაც ახასიათებთ თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, ფლობენ ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და სწავლებაში სიახლეების შესახებ, შეუძლიათ პროფესიული საჭიროებების დადგენა როგორც ინდივიდუალურ, ისე სკოლის დონეზე და პროფესიული განვითარების საქმიანობების დაგეგმვა როგორც ინდივიდუალურ, ისე სკოლის დონეზე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია არაჩართულ სკოლებში. პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბევრი სკოლა მომართავს პროგრამაში მონაწილეობის  თხოვნით.  სასკოლო ქსელების პროგრამა სწორედ  პროგრამაში მონაწილე სკოლების გამოცდილების გამოყენებისა და ადამიანური, დროითი თუ მატერიალურ-ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციისათვის შეიქმნა. ქსელი გულისხმობს რაიონის მასშტაბით ნებაყოფლობით გაერთიანებულ 4-5 სკოლას, რომელთა საქმიანობაც მიმართული იქნება მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და, ზოგადად, სკოლის განვითარებისაკენ. 
რატომ?
ვაუჩერული დაფინანსების გამო  სკოლებს შორის მიმდინარეობს ფარული თუ ღია კონკურენცია.  მოსწავლეთა მოზიდვით ფინანსური რესურსების მოპოვებისა და ინდივიდუალური მიღწევების დემონსტრირებისათვის ისინი იზოლაციას ამჯობინებენ. წარმატებულ სკოლებს არა აქვთ საკუთარი მიღწევების სხვებისთვის გაზიარების სურვილი უპირატესობის დაკარგვის მოტივით, წარუმატებელ სკოლებს კი საკუთარი ნაკლის სააშკარაოზე გამოტანა არ სურთ. ასეთ ვითარებაში ზარალდება თავად სკოლაც, მასწავლებელიცა და მოსწავლეც.
სკოლების იზოლაციური ფუნქციონირება თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორია, რაც, თავის მხრივ,  აფერხებს მათი განვითარების პროცესს. სკოლებს არ ეძლევათ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა, რაც საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების ობიექტურ შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მონახვას უშლის ხელს. სკოლები ხშირად ჩივიან რესურსების ნაკლებობაზე მაშინ, როცა სწორედ თანამშრომლობით შეიძლება  ადამიანური, დროითი და მატერიალური რესურსების გაზიარება-გაცვლა. სკოლების იზოლაცია უარყოფითად მოქმედებს როგორც მასწავლებლებზე, ისე მოსწავლეებზე. ხშირია შემთხვევები, როცა  საგნობრივ ტრენინგებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს რეგიონებიდან უჭირთ შორ მანძილზე ჩამოსვლა, ადგილებზე კი ახლომდებარე სკოლებთან კომუნიკაციის ნაკლებობის / არქონის გამო ვერ ხერხდება ჯგუფის დაკომპლექტება. ხშირია შემთხვევები, როცა  ერთი საგნის მასწავლებლები ახლომდებარე სკოლებიდან ერთმანეთს არც იცნობენ, არ აქვთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რაც უარყოფითად აისახება მათს პროფესიულ განვითარებაზე. სკოლების იზოლაცია მოსწავლეებსაც უქმნის პრობლემებს. გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ თანატოლებთან სასწავლო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, იზრდება კონფლიქტების რისკიც.
რისთვის?

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია განვითარებაზე ორიენტირებული სკოლებითა და  პროფესიონალი მასწავლებლების გუნდით, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მუდმივად სრულყოფენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
სასკოლო ქსელების პროგრამა ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთანამშრომლობას, განვითარებაზე ორიენტირებული ღია სკოლების სისტემის ჩამოყალიბებას, მასწავლებლებს მისცემს საშუალებას ერთად იმსჯელონ პროფესიული ხასიათის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება სხვა სკოლების მასწავლებლებს და, პირიქით. ეს პროფესიული ასოციაციების ჩამოყალიბების წინაპირობადაც შეიძლება იქცეს. სკოლების თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია, სადაც ყველა ჩართული სკოლა მიიღებს სარგებელს, თუ თანამშრომლობის მიზნები და პრინციპები სწორად იქნება შერჩეული და შეთანხმებული. ამ თანამშრომლობას სამი სამიზნე ორიენტირი აქვს: მოსწავლეები, მასწავლებლები  და ადმინისტრაცია. თითოეულ ჯგუფს ეძლევა თანამშრომლობით განვითარების საშუალება, ფართოვდება რესურსების შექმნის, მოძიების, სრულყოფისა და ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. 
როგორ?
სასკოლო ქსელების პროგრამის ფარგლებში გაერთიანებული სკოლები შეიკრიბებიან მინიმუმ თვეში ერთხელ. წარმომადგენლების შემადგენლობას თავად სკოლა ადგენს. ამ შემადგენლობიდან ორი-სამი წარმომადგენელი შეხვედრებს დაესწრება მუდმივად, დანარჩენების რაოდენობას კი განსაზღვრავს სკოლა, შეხვედრაზე განსახილველი საკითხიდან გამომდინარე. ამ შეხვედრებზე სკოლები გამოავლენენ საერთო პრობლემებს, დაგეგმავენ ერთობლივ საქმიანობებს და ამ საქმიანობების განხორციელების შემდგომ  შეხვედრებზე განიხილავენ მათ შედეგებს.  ქსელში გაერთიანებულ სკოლებს პირველ ეტაპზე დაეხმარებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტები.  სასკოლო ქსელში გაერთიანებულ სკოლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე,  ჩაუტარდებათ ტრენინგები, მიიღებენ დამხმარე მასალებს, შექმნიან საკუთარ პორტალს, რომელზედაც წვდომა ექნება არა მარტო ქსელში გაერთიანებულ, არამედ სხვა დაინტერესებულ სკოლებსაც.  


------------------------------------------------------------------------------------------------


აბაშის №2

 შეხვედრა უცხო ენების კათედრების წარმომადგენლებთან, სადაც აღნიშნული შეხვედრების დადებით მხარეებზე მოხსენება გავაკეთე.

30.10.15




პედაგოგთა საქმიანი შეხვედრების ეფექტურობა , პროგრამა „ქსელში ჩართული სკოლები“-ს 
ფარგლებში

    როგორც მოგეხსენებათ, სასკოლო ქსელების პროგრამა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საფუძველზე შეიქმნა. 2013 წლიდან საქართველოს 206 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის პილოტირება, რომელმაც პილოტირების პროცესში ჩართულ სკოლებში შექმნა მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფები,  რომლებსაც ახასიათებთ თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, ფლობენ ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და სწავლებაში სიახლეების შესახებ, შეუძლიათ პროფესიული საჭიროებების დადგენა როგორც ინდივიდუალურ, ისე სკოლის დონეზე და პროფესიული განვითარების საქმიანობების დაგეგმვა როგორც ინდივიდუალურ, ისე სკოლის დონეზე. პროექტის დადებით მხარედ თამამად შემიძლია მივიჩნიო ის, რომ  ქსელში ჩართული სკოლების კათედრების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ  გეგმით გაწერილ დროში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც ახალბედა მასწავლებლისთვის, აღნიშნული ტიპის შეხვედრები ვფიქრობ ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანია და საინტერესოა, რამეთუ ჩემი უფროსი კოლეგების გამოცდილება, მათ მიერ, წლების განმავლობაში პრაქტიკაში დანერგილი მეთოდებისა და მიდგომების გაცნობა/გაზიარება , სამომავლოდ საინტერესოდ  და მნიშვნელოვნად წაადგება ჩემს პროფესიულ საქმიანობას. მოგეხსენებად, პედაგოგიური საქმიანობა მარად განვითარებადი და პროგრესირებადი პროფესიაა, რომელიც ვალდებულია ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების რიტმს, მიიღოს და პრაქტიკაში დანერგოს ის თანამედროვე მეთოდები და სიახლეები, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ცივილურ სახელმწიფოშია აპრობირებული. მეთოდი ვახსენე და მინდა სწორედ მისი არსი განვიხილო. ჩემი ხანმმოკლე პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე,სკოლის სივრცეში, სასწავლო  პროცესებზე  დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ სწავლების იმდენივე მეთოდი არსებობს, რამდენი მასწავლებელიცაა და ამ შემთხვევაში არ არსებობს ერთი კონკრეტული სტანდართი, რომლითაც ყველა ერთნაირად ხელმძღვანელობს.სწორედ ამიტომაც მივიჩნევ სხვადასხვა სკოლების პედაგოგთა ინტენსიურ შეხვედრებს საჭიროდ და საინტერესოდ, რადგან ვფიქრობ, რომ თითოეულ მასწავლებლის გამოცდილების გაზიარება, საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის და გამრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. თუმცა  აქვე  ვიტყვი იმასაც, რომ ცხადია არც მთლად სტანდარტული მეთოდების  გარეშე უცხოვრია წლების მანძილზე ქართულ სასკოლო სივრცეს. ქართულ პედაგოგიკას  არაერთი მეთოდოლოგის სახელი ახსოვს, რომელთა მიერ შემუშავებულ პრაქტიკაზე თაობები გაიზარდნენ.  მიხარია, რომ პედაგოგებს, რომლებიც ამ საერთო საქმის ირგვლივ გავერთიანდით, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც ვფიქრობ  აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის ინდიკატორია და  ჩვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვის გარანტი იქნება.

ბიჭიკო ოჩიგავა
2015 წელი

No comments:

Post a Comment