Pages

ჩემი შემოქმედება


მომიტევეთ, თუ სიმღერა ისე არ გამოვიდა, როგორც საჭიროა:-)



------------------------------------------------------------



 „უთითო“

   მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი. ერთი უშველებელი, ბებერი მსხლის ძირში იჯდა და როგორც მისი ასაკის მხცოვანთა წესია, პირში ყალიონ გაჩრილი, კვამლის ყვითელ ბურთებს რგოლებად უშვებდა, რომელსაც უფილტრო სიგარეტი“მზე“ გამოყოფდა. მახსოვს, როგორ ძალიან მიყვარდა რგოლების  დათვლა მის ტუჩებთან . ისიც იმ პატარა ბავშვს ემსგავსებოდა, რომელსაც პირველი ნაბიჯები შეუქეს და მეტი მონდომებით ცდილობდა რგოლები რაც შეიძლება მეტი დ დიდი ზომის გამოსვლოდა. ამბობენ მოხუცები ბავშვებივით არიანო და ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჭარმაგი მოხუცი, იმ ადგილას ადრეც ბევრჯერ მინახავს, ამითვალიერებია-ჩამითვალიერებია, თუმცა ის, რომ მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი აკლდა იმ დღეს პირველად შევნიშნე. შიშის განცდა იყო, თუ დაბნეულობის ვერ გეტყვით, თუმცა მივხვდი, რომ ახალი რეალობის წინაშე დავდექი. სხეულ ნაკლული ადამიანი მანამ არასდროს მენახა. ყოველთვის თამამი ვიყავი და „უთითობის“ მიზეზი  ვკითხე.  ტუჩებიდან ყალიონი მოიცილა, პირი ყვითელი კვამლისგან გაითავისუფლა და ხრიწიანი ხმით მიპასუხა. -შენი ასაკის ვიყავი, მამას ყანაში ვეხმარებოდი. სოიოს ვჭრიდით. მახსოვს საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ვიფიქრე რაიმემ ხომ არ მიკბინათქო, თუმცა სანამ ხელს დავხედავდი, იქვე მიწაზე  თვალი ადამიანის თითს მოვკარი  და მივხვდი, რომ მე ის სამუდამოდ დავკარგე. შევძრწუნდი. მოხუცისადმი სიბრალულით იმდენად არა მისმა  დაკარგულმა თითმა განმაწყო, რამდენადაც იმის წარმოდგენამ, რომ ეს უბედურება ბავშვობაში შეემთხვა. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და შემზარა იმის წარმოდგენამ, თუ  როგორი სასაცილო ვიქნებოდი უთითოდ.- მერე მაინც ამ სოფელში დარჩი? არ შეგძულდა? წასულიყავი ქალაქში. იქ რომ ყოფილიყავი ეს არ მოგივიდოდა-მივახალე თითქოს გაბრაზებით. მიკვირდა რატომ სამაგიერო არ გადაუხადა ვერაგ სოფელს. ნეკა თითით, რომელზედაც ფრჩხილი საგულდაგულოდ გაეზარდა, შუბლი მოიფხანა და ამოიხრიალა.-არა ბაბუ სოფელი არ არის დამნაშავე იმაში, რაც მე მომივიდა, რატომ უნდა დამეტოვებინა? აბა წარმოიდგინე, ქალი შვილის  გაჩენისას ტკივილებით იტანჯება, მაგრამ სად გაგიგია ოდესმე  დედას ახალშობილი მისდამი მიყენებული ტკივილის გამო მიეტოვებინოს? ეს ბუნების კანონია შვილო. ტკივილშიც არის სიტკბო, თუმცა შეგრძნება და დანახვა სჭირდება. გაიზრდები და მიხვდები, რომ მშობელი მხოლოდ ის როდია, ვინაც გაგვაჩინა. მშობელია სოფელიც, სადაც ვიბადებით, ორღობეში ჩვენს თანატოლებთან ერთად ვთამაშობთ. პატარა ხარ შვილო და შორს ვერ იხედები. მხოლოდ იმას ამჩნევ, რისი დანახვაც ძალიან ადვილია, თუმცა ცხოვრებაში სხვა ისეთი ფასეულობებიც არსებობს, რომელთა დანახვაც არცთუ ისე იოლია, მაგრამ ისინი ხომ მაინც არსებობენ.აი თუნდაც მომავალი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ისევე არსებობს, როგორც წარსული. ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, რომ ხვალინდელ დღეს ღირსეულად შეხვდე.ისე უნდა შეიყვარო, რომ შეყვარების ღირსად გაგხადონ.თუ დედა არ გიყვარს, დეიდას ვერ შეიყვარებ.ამით იმისი თქმა მინდა ბაბუ, რომ თუკი სოფელი არ შეიყვარე, ქალაქი არ მიგიღებს. ის უბრალოდ ბრჭყვიალა ფერებით მოგხიბლავს, დროებით აგიტაცებს ხელში, შემოგატარებს მოკირწყლულ ქუჩებს და ბოლოს შენვე მიხვდები, რომ თუკი მიწაზე ჩამოგსვა, სტუმრის სტატუსს დაკარგავ და ყველაზე მეტად მაშინ ინატრებ ხალიჩად გეფინოს შენი სოფლის ცვრიანი ბალახი.მე იმას არ  ვამბობ შვილო, რომ ქალაქი ცუდია ან არ უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, მისი არსებობაც აუცილებელია და უნდა შეიყვარო, მაგრამ სოფლელმა კაცმა ის ისე არ უნდა გააღმერთო, რომ  შენი ნალიისა და ოდის მადლი დაივიწყო.  აბა ბაბუ მოინდომე და გაშალე მკლავები ქალაქში ჩაისუნთქე ღრმად ისე, რომ  ფილტვები სუფთა ჟანგბადით გაგებეროს. აბა სცადე და  დაადექი რომელიმე გზაჯვარედინს, რომელიც ანკარა წყაროსთან მიგიყვანს, სადაც კოკას აავსებ ან თაკარა სიცხეში სიგრილის ჯადოსნურ ძალას შეიგრძნობ. არა შვილო სოფელს სხვა ხიბლი აქვს. მასში ღვთაებრივი სიყვარულია ჩაქსოვილი. ამიტომაც გვიყვარს თითოეული ჩვენი მეზობელი, ამიტომაც ვიზიარებთ მათ ბედნიერებასა და მწუხარებას. ვერანაირი ფერუმარილისა და სუნამოს სურნელი ვერ შეცვლის შვილო იმ ჩალისა და ვაზის სურნელს, რომელიც შემოდგომით ირევა სოფლის ბაღ-ვენახებში. განა შვილი მხოლოდ ის არის, ვინც გავაჩინეთ და საუბარი ვასწავლეთ? არა ბაბუ, ის ოქროსფერქოჩრიანი სიმინდი და ის ძარღვებ დაჭიმული ვაზიც ჩვენი შვილები არ არიან განა? ჩვენ არ ვუფხვიერებთ ნიადაგს და არ ვასმევთ წყალს, როცა სწყურიათ?  განა ჩვენ არ ვაცლით ვაზს უსარგებლო რტოებს ისევე, როგორც შვილების დაცვას ვცდილობთ ყოველგვარი ზედმეტი მავნებლობისგან? ცხოვრება სიყვარულშია შვილო. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე არ განელებულა ჩემი კუთხისადმი, ჩემი კერისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული. ალბათ ასე უნდა მეცხოვრა და ასეც ვიცხოვრე.
-კი მაგრამ დაკარგულ თითს ვინ დაგიბრუნებს?
- ჩემი ერთი თითი რა მოსატანია შვილო იმ სიყვარულთან, რომელიც ოდესმე ჩემი სოფლისგან მიმიღია? მიჩუქნია ის პატარა სხეული ჩემი სოფლის მიწისთვის, რადგან მე მისგან გაცილებით დიდი რამით ვარ დავალებული და ეს არის ცხოვრება, რომელიც მან მაჩუქა და სიყვარული, რომელიც მან მასწავლა. მამა, რომელიც ჩემი თითის დაკარგვის თანამონაწილე გახდა ომში დავკარგე და მაშინ რა?  ცხოვრებას ხომ არ ავუმხედრდებოდი? არა შვილო ღვთის კანონს ვერსად წაუხვალ. იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი,შეიყვარე შენი კერა, როგორც გიყვარს მშობელი შენი, შეიყვარე ტკივილი, როგორც სიამოვნება შენი ოდესმე მიხვდები, რომ ბოღმა და შურისძიება ეს უბრალოდ ადამიანებმა გამოიგონეს, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ.
   არ ვიცი ასეთი მონდომებით რატომ მესაუბრებოდა და რატომ  ჩათვალა, რომ ყველაფერ იმას, რასაც არგუმენტირებულად მიამბობდა,  ჩემი ბავშვური გონება სწორად აღიქვამდა, თუმცა მივხვდი, რომ თითზე არ უნდა მესაუბრა. სხვა თემაზე საუბარს არც ვაპირედი და უსიტყვოდ დავტოვე. არ ვიცი მზერა გამომაყოლა თუ არა, მაგრამ ვიგრძენი, რომ  ჩემდაუნებურად  რაღაც  თავად გამოვიყოლე.  წლების განმავლოვლობაში ვერ ვხვდებოდი რა იყო ის, რაც მოხუცისგან გამომყვა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ მისგან ის ვისწავლე, რასაც სახელს ვერ ვარქმევდი, თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის, რაც მისგან გამომყვა სწავლა იყო.მას შემდეგ წლები გავიდა. მე არსად წავსულვარ. ჩვენი სოფლის ტაძრის მრევლი გავხდი   და ახლაც კი, როცა  სალოცავის ეზოში არსებული სასაფლაოს ბილიკს  ტაძრამდე მივუყვები, იქვე თვალი ძალაუნებურად ერთ ხავსმოდებულ, ჭადრის ხმელი ფოთლებით დაფარულ საფლავს ხვდება ხოლმე, რომლის ქვაზეც ერთი ჭაღარა ბერიკაცია გამოსახული, ჭაღარა წვერითა და დანაოჭებული კანით. ამ დროს კითხვები  თითქოს სადღაც იკარგებიან ხოლმე  და ვხვდები, რომ ის რაც წლების წინ ამ მოხუცი ბერიკაცისგან  ნამდვილად ვისწავლე და ეს ცხოვრებაა.




ბიჭიკო ოჩიგავა

------------------------------------------------------------------------------


მწარე ხვედრი“

იმ დღის შემდეგ, ის ტაძარში არავის უნახავს. ნახეს და შემდეგ კითხვებს ებრძოდნენ.
სასოწარკვეთა...
უიმედობა...
სულისა და ხორცის ტკივილი...
პიროვნული ფერისცვალება..
არც ასეთი დაბეჩავებული უნახავთ ოდესმე. თითქოს პიროვნება იცვალაო და ჩია ბერიკაცივით ღონემიხდილი იმ ბილიკს გაუყვა, სადაც ერთადერთი და უკიდეგანო სიყვარული დაასამარა.
-წადი. მომშორდი. დროს ვეღარ გავუძელი. გამიუფასურდი.-მიახალა და თვალზე სისველე მორეულს მამაკაცური თავმოყვარეობა ესტუმრა. ის ქედმაღალი, თავმომწონე და ბრგე ვაჟკაცი იყო. ამიტომაც უკანმოუხედავად წავიდა და წავიდა. ყველაზე მეტად ეს ჟესტი და დანამული თვალები დაამახსოვრდა გოგონას, რომელსაც ის შემდეგ ვერასოდეს დაივიწყებს.
არც ასეთი ალოგიკური ყოფილა ოდესმე, უბრალოდ იმ დღეს თითქოს ტყავიდან ამოძვრა, თუმცა არც სხვანაირი უნახავთ შემდეგ. მაშინ, ღირსებააყრილმა ქალიშვილმა ბიჭი, არაადამიანური გამოვლინებისთვის უღირსად ჩათვალა და დავიწყების გზას გაუყენა. არ გასჭირვებია, ღირსებებით იკვება და გამოუვიდა კიდეც, თუმცა ის ხელმეორედ სწორედ მაშინ შეიყვარა, როცა მიხვდა, რომ ამ სიყვარულთან მარტო დარჩენილიყო...
                                                  ---------------------------------------------
გზად სახლისკენ, იმ პატარა სტადიონს ჩაუარა, სადაც წლების წინ მისი ყმაწვილკაცური ღირსება ფეხქვეშ გათელეს. სულისშემძვრელი სიღარიბე იმ დღეს შესძულდა. თანატოლთა ულმობელმა სიტყვებმა „ სამარცხვინოდ ერთი შორტი ვერ გიყიდია და თამაშს როგორ ითხოვ“  სამყარო თავზე დაამხო. ვერც იმ საყვარელი ქალიშვილის თანაგრძნობამ გაამხნევა, რომელიც აშკარა შეურაცყოფის თვითმხილველი გახდა. ჯერ ბრაზმა იწყო ბორგვა მის თითოეულ უჯრედში, შემდეგ ცრემლი დაეწვეთა ნატკენ ღირსებას და იმ მიზნით, რომ საბოლოოდ არ შერცხვენილიყო, გოგონა, რომელიც უსიტყვოდ დატოვა წამიერად თითქოს გადაავიწყდა კიდეც. „მე შენი ღირსი არავარ“ ალბათ ამ სიტყვებს თუ იმეორებდა ხშირად გზად სახლისაკენ, როცა ქუჩაში, გამხმარ ჯოხზე დაყრდნობილმა ქალმა, მისი პატარა დის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოჰკითხა. პასუხი საკამაოდ უკმეხი გამოუვიდა, რაც მაშინვე ინანა და წელში მოხრილ ბებოს, ბოდიშის მოხდის შემდეგ შუბლე ეამბორა.-მაპატიე ბებო, ძალიან ცუდად ვარ და უხეშად გამომივიდა, არ მინდოდა გწყენოდა.                                                                                      ხნიერმა ქალბატონმა აცრემლებულ ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და მაამებლურად მიმართა- არაფერია შვილო, შენ ბოდიში მაინც მომიხადე და აგერ იმ მამაძღლმა, ეგერ ველოსიპედით რომ მიდის სულ ტალახიან წყალში ამომსვარა და უკან არც მოუხედავს.  ბიჭმა მწუხარება გამოთქვა და ბებოს კითხვაზე, გავიგე გუშინ ცუდად ყოფილხარო, დამწუხრებით უპასუხა.
--არამარტო გუშინ ნათელა ბებო.
                                                 --------------------------------------------------
-დედა რაღაც უნდა გითხრა
-ამჯერად რა ხდება-ცივად უპასუხა ქალმა, რომელსაც შვილსთვის არც აუხედავს
- პრობლემები მაქვს. დიდი ხანია ცუდად ვარ, მაგრამ ვერ გეუბნებოდი. შენი რეაქციის მეშინოდა, არ მინდოდა გული გტკენოდა
-ამჯერად რა მოხდა. აა გასაგებია, ისევ იმ გოგოსთან იჩხუბე ხომ? არ დავინახო ის ამ ოჯახში. ჯერ არ მოგიყვანია და ერთმანეთს ჭამთ. მერე რაღას იზამთ. თქვენი ნერვები არ მაქვს.
-დედა გული მტიკვა...
-მეც მტკივა გული მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობთ. მამაშენი დღესაც უგონოდ მთვრალია. მეზობლების თანდასწრებით მაგინა და მერე დაწვა. ჰგონია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანის თანდასწრებით შემაგინებს კაცობას ამტკიცებს--ბიჭს შეეცოდა ათრთოლებული დედა და მისი გულში ჩაკვრა სცადა, თუმცა აღელვებულმა ქალმა შვილი თავიდან მოიცილა და უკმეხად მიმართა
--მომშორდი, შენც მამაშენივით უჯიშო ხარ, ამიტომ უმწარებ იმ გოგოს სიცოცხლეს. იმის ნაცვლად, რომ იმუშავო და იმ ლოთს ედგე გვერდში, სად დადიხარ ღმერთმა უწყის. არ იმუშაო და იყავი ამ სიღარიბეში ამოგძვრება სული.
-არც ეს დღე არის შორს დედა- ამ სიტყვებს ცრემლების ზღვა ამოაყოლა და დედის გაოცებულ მზერას ოდნავ მშვიდი კილოთი უპასუხა- ვიმუშავებ მამასთან ერთად დედა და მალე ალბათ ჩვენს მაგიდაზეც იდება საკმარისი საჭმელი
-- შენმა დამ კიდევ სიცოცხლე გამიმწარა. ამდილით სიცხემ ისევ აუწია და წამალი, რომელიც მეგულებოდა, თურმე დამთავრებულა. მამაშენს რომ ვუთხარი, საიდან მოგიტანო ახლა წამალიო. დავიღალე მეტი აღარ შემიძლია.
--დამშვიდდი დედა, ვინმეს ვთხოვ ფულს და იყიდე წამალი. არც დღეს ყოფილა სკოლაში?
--როგორ წავიდოდა სიცხიანი. ფეხსაცმელიც არ აქვს. ან შენ ფულს ვინ მოგცემს ისედაც კისრამდე ვალებში ვართ. ღმერთო ჩემო ბავშვი სიცხისგან მეწვება და რა დედის გულმა უნდა გაუძლოს მის ავადმყოფურ თვალებს. ის ლოთი მამაშენი კიდევ გაიძახის მალე რძალი შემოვა ოჯახშიო და მატება გვექნებაო. მატება კიარა, ვინც ვართ როგორ ვართ.
--დედა დავშორდი მარიამს, შეგიძლია მშვიდად იყო.-ტკივილით წარმოთქვა ბიჭმა
--ძალიან კარგი, მაინც ვერაფერს შესთავაზებდი
--დედა გული მტკივა და ცუდად ვარ, ღამით თითქმის აღარ მძინავს-აცრემლდა ბიჭი
--არაუშავს, გაგივლის. სამი წელია ერთმანეთი გიყვართ და გული გტკიოდეს იქნება აბა რა
-- დედა მე.....
ბიჭს სიტყვა მეზობლის განწირულმა ყვირილმა  გააწყვეტინა, რომელსაც პატარა, გონწასული გოგონა მკლავებში მოექცია და ოთახში შემოიყვანა. დედამ შეიცხადა. ბიჭმა მეზობელს მადლობა გადაუხადა და პატარა დას მივარდა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. დაბნეული დედა ცრემლად იღვრებოდა და საღად აზროვნების უნარი დაეკარგა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამას კი არც არაფერი გაუგია და ისე გამაყრუებლად ხვრინავდა, რომ ბიჭს გულში არნახული ზიზღი ჩაეღვარა. ამასობაში გოგონას სუნთქვა დაუმშვიდდა, ლოყები გაუვარდისფერდა და წამწამებიც სუსტად აახამხამა. ძმამ პატარა და გულში ჩაიკრა და აქვითინდა.
                                               ------------------------------------------------------------------
             --დღეს შენი მეგობრები იყვნენ. ექსკურსია დაუგეგმავთ და აინტერესებდათ შეუერთდებოდი თუ არა
             -- მამა როგორ წავიდე ჯიბეში ერთი თეთრიც არ მიდევს. ის ფული გუშინწინ რომ მეზობელმა ბაღის დამუშავებისთვის მომცა, უკვე დავხარჯე. სხვების ხელის შემყურე ხომ ვერ ვიქნები, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ?
             -- ახლა გაგახსენდა რომ პატარა არ ხარ? ფულს რომ დაინახავ გონება გებინდება და ფიქრობ სად დახარჯო. შენს დას წამალი არ აქვს და შენ კიდე ვისთან რამდენს ფლანგავ ღმერთმა უწყის
       -- მამა ძალიან გთხოვ გულს ნუ მტკენ, ისედაც ცუდ დღეში მაქვს. ის ფული მამი ჩემი ოფლით ვიშოვე. ცუდად ვხდებოდი, გული მიმდიოდა მაგრამ იმ პაპანაქებაში მაინც არ დამიზოგავს თავი, რათა ორი თეთრი მეშოვნა.
             -- და რად გინდა? იმუშავე და რა შეიძინე? რა დაგეტყო? ან რა გულის ტკივილი დაიჩემე. დედაშენს უყურებ? მაგას რომ უსმინო უცოლო დარჩები. მითხრა დაშორებიხარ მარიამს. არ თქვა მაგ გოგოზე უარი. შეურიგდი და გულის პრანჭვებიც მოგეშვება. ძალიან მომწონს ის გოგო. ღარიბი ოჯახიდანაა და ჩვენს გაჭირვებას არ გააპროტესტებს.
             -- მამა მართალია მარის გამოც ძალიან მტკივა გული, მაგრამ სხვა რამ მინდა გითხრა. ვიცი შეწუხდები მაგრამ რა ვქნა, ამ  პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდები მამი--წარმოთქვა ბიჭმა და მარჯვენა ხელით ცრემლიანი თვალების დამალვა სცადა. მამას, შვილი ატირებული თითქმის არასდროს უნახავს და გაუცხოების განცდამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა სიტუაციას ოჯახის დიასახლისმა სულ სხვა მიმართულება მისცა, რომელიც ოთახში გაავებული შემოვარდა და შვილს სილა გააწნა. გაოგნებულმა ბიჭმა ჯერ მამას გახედა, შემდეგ ისევ დედას და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, დედამ არ დააცადა
            -- უსინდისოვ და უნამუსოვ, როგორ გაბედე და ჩემი საფულიდან ფული ამომაცალე. ასე არ აღმიზრდიხარ. ვის პირწვრდნილს დემსგვაე
              --დედა რას ლაპარაკობ, რას მაბრალებ. როდის იყო შენი საფულიდან ფული ამომქონდა.ასეთი რამ არასდროს ჩამიდენია--ბიჭი ემოციებს მოეცვა.
              --მატყუარა ხარ და მამაშენივით ლოთობის გზას ადგახარ. სად ჯანდაბაში დახარჯე ის მაინც მითხარი. მეზობელს დავესისხე ბავშვი ექიმთან უნდა წამეყვანა
--არა დედა შენს თავს გეფიცები ხელი არ მიხლია. ჭკუიდან გინდა შემშალო?
--ხმა არ ამოიღო ნერვები ისედაც არ მყოფნის. დღეს სამი მარტია და იმის ნაცვლად, რომ გესიამოვნებინა ყველაფერი წამამწარე
-- დედა არ არის სიმართლე რასაც შენ ამბობ. ფული მართლა არ ამიღია. სწორედ იმის გამო, რომ დღევანდელ დღეს შენთვის მესიამოვნებინა გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებინა. შედი შენს ოთახში და ტანსაცმლის კარადა გამოაღე.-ქალი ელვის სისწრაფით გაქანდა საძინებლისკენ და უმალვე მობრუნდა
--აჰაა, რაში ყოფილა საქმე. ეს რითი იყიდე? სად გქონდა ამის ფული? ჩემი ფულით გამიკეთე საჩუქარი? თავხედო. არ მჭირდება--ქალმა სუნამო მიწაზე  დაანარცხა და მეუღლეს მიუბრუნდა--შენ ესეც ვერ მოიფიქრე.. ბიჭმა, რომელსაც გულით ნაჩუქარი საჩუქარი თავზე დაალეწეს, ცრემლმორეულმა დატოვა ოთახი.
-- არაადამიანურად მოექეცი.ქალის მეტი ყველაფერი ხარ. ველურო
--რაიყო შენი შვილი შეგეცოდა? მეორეზე ნეტავ თუ ფიქრობ ავადმყოფობას რომ ებრძვის?
--შენთან საუბარს აზრი არააქვს. ქოფაკი ძაღლივით ხარ
--რატომაც არა. მეზობლის ძაღლებს გაცილებით ადამიანური პირობები აქვთ, ვიდრე ჩვენ.
                          -----------------------------------------------------------------------------
როგორც მოსალოდნელი იყო, ექსკურსიაზე წასვლაზე უარი თქვა. დღეები-დღეებს მისდევდა და დასნეულებულ დაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა. ბორგავდა, სტკიოდა სნეული გული და უუნარობის განცდას ებრძოდა. -რა გავაკეთო? რითი დაგეხმარო? მოგიკვდეს ძმა. ჩემო ფერიავ ალბათ ახლაც მშიერმა დაიძინე- ცრემლმორეული ჩასჩურჩულებდა ხოლმე პატარა, მძინარე გოგონას სასთუმალთან ჩამუხლული. მერე უცებ სახე ეცვლებოდა, თითქოს გულში მახვილი ჩასცესო და ფეხაკრეფით გავიდოდა ოთახიდან.
ერთ დღეს სიბერე შეპარული თაროდან პირადი დღიური ჩამოიღო და იმ ადგილს მიადგა, რომელიც სიტყვებით „ გავბედე და ვაღიარე“ დაესათაურებინა. ქართულ ენას ყოველთვის აკადემიურ დონეზე სწავლობდა, რაც მის ხელწერასაც ეტყობოდა. ყოველი ახალი საკითხი, რომელიც წესისამებრ აბზაცით დაეწყო, ისევ და ისევ მისი მოზღვავებული გრძძნობებით იყო გაჟღენთილი.პირველად სწორედ ამ დღეს გამოუტყდა, რომ მისდამი სიყვარული უსაზღვრო იყო და მზად იყო მისთვის ეცხოვრა. უყვარდა...ნამდვილად და მთელი გულით უყვარდა. მისდამი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვებოდა. „ არაფერი გამაჩნია, მაგრამ ჩემი გოგო რომ მყავს ეს არაფერიც კი ყველაფერია“-ო სწერდა ახალ აბზაცში, ხოლო წერტილის შემდეგ აზრი კიდევ უფრო რომანტიულად ვითარდებოდა, სადაც მომავალი შვილების სახელების შერჩევაზე იყო საუბარი და რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ვერ მოგვარებულიყო. ერთ-ერთ გვერდზე გამხმარ გვირილას გადააწყდა. გვირილას, რომლითაც ერთ დღეს დარწმუნდა, რომ მარიამს ნამდვილად უყვარდა. მცენარისთვის ყვავილები სათითაოდ დაეძროთ და მხოლოდ ღერო დარჩენილიყო, თუმცა მისთვის ამ ღეროსაც კი არასდროს დაუკარგავს სიცოცხლე და რომ გეკითხათ ის ისევე მწვანე იყო, როგორც მოკრეფის დღეს. მის სიყვარულსაც მასთან აიგივებდა, და ღრმად სჯეროდა, რომ წლების შემდეგაც ისე ეყვარებოდა მისი მარიამის უფერული და დანაოჭებული კანი, როგორც ადრე, ახალგაზრდობაში. გვერდებს ისეთი ემოციით ფურცლავდა, გეგონებოდა რაღაცის პოვნა გადაუწყვეტიაო და სწორედ ძიების პროცესში იმ გვერდს გადააწყდა, რომელსაც წითელი ლაქები ეტყობოდა. ერთი ლაქა კი ფურცელს თავიდან-ბოლომდე, უსწორმასწორო ხაზად მიუყვებოდა და ბოლოში იკარგებოდა. უცებ ძიება შეწყვიტა. დღიური გვერდზე გადადო. შიმშილი იგრძნო, თუმცა გაახსენდა, რომ პური და ორი ცალი კვერცხი, რომელიც წუთების წინ მაგიდაზე ნახა, მხოლოდ მისი პატარა დის ულუფა იყო და იძულებული გახდა შიმშილისთვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწია. მერე უცებ ისევ დღიურს დასწვდა, იქვე ძველი მაგიდის უჯრიდან თავმოტეხილი კალამი ამოიღო და ახალ გვერდზე ახალი ისტორიის წერას შეუდგა. ასე არასდროს გაჭირვებია. სათაურის შერჩევაზე ამდენი არასდროს უფიქრია. შესაძლოა იდეაში ჰქონდა კიდეც საუკეთესო ვარიანტი უამრავი ალტერნატივიდან და არჩევანის გაკეთებას გაურბოდა. ან იქნებ ბევრი ფიქრი იმიტომ დასჭირდა, რომ ცუდ ხასიათზე მყოფს არასოდეს უწერია.ყოველთვის ცდილობდა დღიურში მხოლოდ იმ დადებით ემოციებზე ესაუბრა, რომელიც მის ცხოვრებაში არცთუ ისე ხშირი იყო. ალბათ ახალი ისტორია წინანდელებისგან რადიკალურად განსხვავებული გამოუვიდა, რადგან წერისას ემოციებს ვერ უმკლავდებოდა. როცა ატირებული დედა შემოვიდა, წერა უკვე დამთავრებული ჰქონდა და დღიურიც თაროზე შემოედო. როცა მისი მწუხარების მიზეზი იკითხა, სახეზე ტკივილი თვითონაც აღებეჭდა. პატარა გოგონას მაღალი სიცხისგან გონება ისევ დაეკარგა.
                                .........................................................................................................

დღეები-დღეებს მისდევდა და ოჯახიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა ცხოვრებას, თუმცა ერთ დღეს მათი სახლ-კარის თავზე ზეცამ ცრემლის ზეწარი გადაიფარა. თითქოს ყველა ადამიანური განცდა აუტანელ სატანჯველს დაემონა და ერთადერთს, იმედის ბოლო ძაფს, უფლის ძალმოსილებას ჩაებღაუჭა.მერე ყველაფერი ისევ ბუნების კანონს დაემორჩილა და ცხოვრებაც ჩვეულ რეჯიში გაგრძელდა, თუმცა ერთის გამოკლებით.
                               ...........................................................................................................
ოთახში ისედაც დახუთულ ჰაერს, ალკოჰოლის გულის ამრევი სუნთქვა შეერია და მთლიანობაში აუტანელ ქაოსად იქცა. ადგილს ვერ პოულობდა.ძველი თაროდან, ასევე ძველი ალბომი გადმოიღო და ისტორიის ფურცლების გადაშლას შეუდგა. მის თვალწინ წარსული მთელი სიცხადით გადაშლილიყო. სიცოცხლეს დაწაფებული თვალები, ბედნიერების ღიმილი, კადრში სამარადჟამოდ დაჭერილი ბავშვური გამოვლინებები. აგერ იმ დასვრილი და გულთან დაკერებული მოკლე, ყვითელი მაისურით ერთ დღეს რომ თამაშისას გაეხა და დედა მკაცრად გაუსწორდა. აგერ კიდევ ყვავილების თაიგულით ხელში, მეზობელ თანატოლებთან ერთად, სარვამარტოდ რომ დედებს დაუკრიფეს ჭალებში. სხვადასხვა ისტორიები კადრებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულში იყო, თუმცა თითქოს საუუკუნეებით დაშორებოდა რეალობას.
საღი აზრი დაუბრუნდა. ალკოჰოლმა დატოვა თითოეული უჯრედი და რეალობის აღქმამ აუტანელი ტკივილი მოჰგვარა.-არა ისევ სიმთვრალე სჯობს- გაიფიქრა ხმამარლა და ფეხზე წამოდგა. ალბომი თაროზე შემოდო და ის იყო ოთახიდან გასვლა დააპირა, თვალი ყავისფერ წიგნაკს მოჰკრა. ჯერ გაკვირვებით შეხედა, შემდეგ გადმოიღო და ძველი ხის სკამზე მოკალათდა. გვერდებს ნელა და გაკვირვებით ფურცლავდა. თითქოს საინტერესო ვერაფერი იპოვაო და ის იყო დახურვას აპირებდა, რომ უკანასკნელ გვერდს გადააწყდა. უცნაური განცდა დაეუფლა, თითქოს რაღაც ძალამ თითოეული სტრიქონის ბოლომდე წაკითხვა აიძულა და ასეც მოიქცა. კითხვა ოდნავ ხმამაღლა დაიწყო და სივრცე გამაოგნებელმა სიტყვებმა მოიცვეს.
„ უკანასკნელად ვწერ. მორჩა. დღიურიც გადავღალე. უგუნებოდ მყოფს არასოდეს მიწერია, თუმცა რა ვქნა, ტკივილი ვინმეს რომ არ გავუზიარო  შევიშლები. არავინ შემომრჩა. ასეთი უსარგებლო ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან ცუდად და სუსტად ვარ. ხელიც არ მემორჩილება წერისას. მეორე დღეა არაფერი მიჭამია. მშია ამის დედაც ვატირე, მაგრამ მე რაღა ჯანდაბა მაჭმევს, როცა ჩემი პატარა ანგელოზი შესაძლოა მშიერი დარჩეს. ჯანდაბას, დაე მშიოდეს ოღონდ ის იყოს მაძღარი და კმაყოფილი. როგორ ცუდად არის. გუშინ ისევ გონება დაკარგა. მოუკვდეს ჩემი თავი, როგორი თვალებით მიყურებს როცა ცუდად ხდება. გული მეწურება. იმ დღეს წითელი კაბები მომწონსო მითხრა, არადა უნდოდა ეთქვა მიყიდეო, მაგრამ მოერიდა. მას რომ რაიმე მოუვიდეს თავს ვერ ვაპატიებ იმას, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ შევუსრულე. როგორ მინდა ვიხილო უკვე დიდი, ზრდასრული და საამაყო გოგო. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის მივცე, რაც მე არასდროს მქონია და მენატრებოდა. მეზიზღება სიღარიბე, გადამღალა ამ ცხოვრებისეულლმა განაჩენმა. ყველაფერი ერთმანეთს აეწყო. ამასწინათ  გამანადგურა ჩემი მეზობლის დამცინავმა სიტყვებმა ” იქნებ მოგეძებნა დედაშენი, შეძლებული ოჯახიდან იყო და იქნებ ამოეყვანე ამ სიღარიბიდან“-ო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემი ის არ აღმოჩნდებოდა, ვისაც ბავშვობიდან დედათი მივმართავდი. მიუხედავად აუტანელი სულიერი ტკივილისა, წამითაც არ გამიფიქრია, რომ უარი უნდა მეთქვა ქალზე, რომელმაც გამზარდა.ოჯახში არც კი იციან, რომ მე ყველაფერი გავიგე.გული ეტკინებათ, არ არის საჭირო გაიგონ. მე სხვა დედას არ და ვერ ვცნობ, თუმცა  ჩემმა გამზრდელმა დედამ რამდენიმე დღის წინ გული მომიკლა. ფულის მოპარვა დამაბრალა. არადა ღმერთია მოწამე მისი საფულისთვის ხელიც არ მიხლია. სუნამო, რომელიც თავზე დამატეხა და მოპარული ფულით ნაყიდი ეგონა, სინამდვილეში ოფლით იყო შეძენილი. არ დამიძრახია მეზობლის ბოსტანში მუშაობა, რადგან მინდოდა მისი მოცემული ფულით დედისთვის სამი მარტი მიმელოცა. არაუშავს მე მთელი გულით მივეცი. არ ვამტყუნებ, ადამიაინს შვილი ცუდად ჰყავს, სირარიბეს ებრძვის და ნერვები არ უვარგა. აი ვწერ ამ სტრიქონებს და გულზე ისევ აუტანელი ჩხვლეტა ვიგრძენი. უკვე მეორე წელია უჰაერობა მაწუხებს, ღამით დაძინებას ვერ ვახერხებ. ბოლო პერიოდში ცხვირიდან სისხლდენაც დამეწყო და ვიცი სერიოზული პრობლემა მაქვს, მაგრამ რა ვქნა, რა გავაკეთო. ჩემი სამკურნალო ფული კიარა საჭმელიც გვენატრება. ვალებში ვცხოვრობთ. ვალებს რომ თავი დავანებოთ, ჩემი და ავადმყოფობას ებრძვის და წამალი ვერ გვიყიდია. არა, ჩემი ავადმყოფობის გახმოვანება შეუძლებელია. ამას არ გავაკეთებ. ჩემთვის არავის სცალია და რომც მოიცალონ მაინც ვერაფერს შეძლებენ ოჯახში. დამღალა ამ ტკივილის დამალვამ. ვსუსტები. ყოველი დღე ენერგიას მართმევს. ვცადე ერთხელ დედასთვის მომეყოლა ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ყურიც არ მათხოვა და ჩემი გულისტკივილი მარიამთან დაშორებას დაუკავშირა. არადა გული ფიზიკურად მტკივა. ცუდად ვარ.ვცადე მამასთვისაც ამეხსნა ჩემი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა მანაც გადატანითი მნიშვნელობით გაიგო და არ მომეცა საშუალება განმემარტა. მარიამი ვახსენე. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დანაკარგი. მის გარეშე უბედური ვარ. სიგიჟემდე მიყვარს და ვიცი მასაც ვუყვარვარ, თუმცა ხელი ვკარი და მასზე უარი ვთქვი. რა ვქნა, ვიცი გული ვატკინე, თუმცა ასე ვარჩიე. მე მას ვერაფერს შევთავაზებდი. ავადმყოფობის გამო მუშაობაც არ შემიძლია. ახალგაზრდა გოგოა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. ვიღაც ღატაკისა და ავადმყოფის გამო ცხოვრებას ხომ არ გაინადგურებს. შესანიშნავი გოგოა და ჩემზე უკეთესს იპოვნის. დაშორების მიზეზი არც ამიხსნია ისე დავტოვე და ფიქრობს, რომ უსინდისო ვარ. არადა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. მოკლედ დავიღალე. ჰაერი არ მყოფნის.გარეთ უნდა გავიდე. არ ვიცი რა იქნება აწი და როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება, თუმცა წერას ვწყვეტ და ამ დღიურს კალმით არასდროს მივუბრუნდები.!!!“

აფექტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აზროვნების უნარი დაკარგა, თუმცა ის, რომ ნაწერი მარიამისთვის უნდა გადეცა მტკიცედ გადაწყვიტა. ასეც მოიქცა. დღიური იღლიაში ამოიჩარა. ეზო ელვისებური სისწრაფით გაიარა და ქუჩაში გავიდა. გამარჯობაც არავისთვის უთქვამს. ცრემლებიც კი არ სდიოდა, არადა მასში აუტანელი ტკივილი ბორგავდა. დანაშაულის განცდას მოეცვა მისი პიროვნება. დანაშაულისა, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ არსებობდა. გზად მარიამისკენ, სასაფლაოს ჩაუარა. მომენტალურად თავი ჩაღუნა, შემდეგ ისევ ასწია  და თვალებით რაღაცას ძებნა დაუწყო. იცოდა კიდეც რასაც ეძებდა, მაგრამ შიშისა და დანაშაული განდას მოეცვა. შემდეგ ნაბიჯებს აუჩქარა. ნერვიულად შეაღო პატარა რკინის კარი. ნაბიჯებს თვლა დაუწყო და ის იყო დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა, საფლავთან შავ ფიგურას მოჰკრა თავი. გაკვირვებისგან საუბრის უნარი წაერთვა. მეუღლე სახლში დატოვა. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს მისი შვილის საფლავთან. ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა, თუმცა კი ინტერესი უმძაფრდებოდა. ბოლოს უკანასკნელი ძალის მოზღვავებით ნაბიჯი გადადგა, შავ ფიგურას მიუახლოვდა რომელიც ოდნავ შეირხა, ხელი სახესთან მიიტანა და ტკივილით აღსავსე სიტყვებს ცრემლების ზღვა ამოაყოლა. -ჩემო დიდო სიყვარულო, ეს რა გამიკეთე. ყოფილიყავი ჩემგან შორს ოღონდ გეცოცხლა.-
მამას გული შეეკუმშა და ცრემლებად დაიღვარა. მის წინ მარიამი იდგა, რომელიც მისი ერთადერთი სიყვარულის საფლავს ჩაჰხუტებოდა...

ბიჭიკო ოჩიგავა

2015 წელი.

2 comments:

  1. ძალიან მომეწონა , გაიხარეთ!

    ReplyDelete
  2. ეს არის ჩემი ჩვენება უფროსი ელი დოდორუს კარგი საქმიანობის შესახებ, ვინც მეხმარება. მე ვარ ენ არნის ჩრდილოეთ კაროლინა აშშ-დან. ამ ჯადოქრობის კატასტროფის დახმარებით, ჩემი ქმარი, რომელიც 3 წლის განმავლობაში არ დამტოვა, უკან დავბრუნდი, მე საბოლოოდ შევხვდი ამ მამაკაცს ბლოგ საიტზე, რომლის საშუალებითაც ერთ – ერთი არის კლიენტის დახმარება, მე ავუხსენი ყველაფერი მისთვის და მან მითხრა მართლწერის caster, რომ მან იცოდა და მან მომცა ის, რაც მე ვწერ, რომ ვწერო მართლწერის კასტერს, რომ ვუთხრა ჩემი პრობლემები. სულ რაღაც 2 კვირაში ქმარი ჩემთან დაბრუნდა. უბრალოდ მადლობა მინდა გითხრათ მადლობა ამ ჭეშმარიტ და გულწრფელ მართლწერის caster, სერ ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, რომ შეასრულეთ და დიდი მადლობა ბატონო. გთხოვთ ყველას ვუთხრა, ვინც ეძებს პრობლემის გადაწყვეტას, გულწრფელად გაეცნოთ ამ მართლწერის კატასტროფას, ის არის ნამდვილი, ის ძლიერია და რასაც მართლწერის კასტერი გეტყვით არის ის, რაც მოხდება, რადგან ყველა ის, რაც მეტყველებს ჯადოქრობის კასტერზე. გავლა. შეგიძიათ დაუკავშირდით მას შემდეგ: Whatsapp +2349015088017

    ReplyDelete