ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნე...
საქართველო...
სამეგრელო...
სოფელი სეფიეთი.
მონადირე, რომელიც დამფრთხალ
ირემს დაედევნება, უღრან ტყეში აღმოჩნდება
და შენობის ნანგრევებს წააწყდება. ნაგებობა ქვით არის ნაგები და მონადირე მის დათვალიერებას შეუდგება. მოგვიანებით
ახლომდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის შემოკრებას იწყებს და ერთობლივად ადგენენ,
რომ ნანგრევი შესაძლოა ოდესღაც საკულტო სალოცავი ყოფილიყო. კიდევ უფრო მოგვიანებით, ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას, აღნიშნული ნანგრევის
ადგილას გაცილებით დიდი სალოცავის მშენებლობა მოჰყვება და მოსახლეობაში რელიგიური მსოფლმხედველობა
მკვიდრდება.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა...
მოსახლეობა იზრდებოდა და ვითარდებოდა...
ხდებოდა შეხედულებებისა და ფასეულობების გადაფასება იმდენად,
რამდენადაც, ეს პროცესი, ჯერ კიდევ იმ დროისათვის არსებული მოსახლეობის განვითარების
დაბალი დონის პირობებში იყო შესაძლებელი, თუმცა ცხოვრება გრძელდებოდა და ყოველი ახალი
დღე, ახალი მოთხოვნილებების საჭიროებას აჩენდა.
გაჩნდა მოთხოვნილება განათლება
მიეღოთ და სოფელში სასკოლო ცხოვრების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ძნელი წარმოსადგენია მაშინდელი სოფლის მოსახლეობას
საკმაოდ მტკიცე წარმოდგენა ჰქონოდა სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე, თუმცა ფაქტია, რომ მასში რაღაც აუცილებელსა და საჭიროს
ხედავდა. მონდომებას მცდელობა მოჰყვა, ამ უკანასკნელს კი შედეგი და როგორც მწირი ისეტორიული
წყაროებიდან ხდება ცნობილი, სოფელში პირველი
დაწყებითი სკოლა გახსნილა, რომელიც დღევანდელი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა
და 1923 წლამდე უარსებია. მის დაარსებას, მაშინდელი
მღვდლის, იოსებ მაკალათიას სახელს მიაწერენ და შესაბამისად ვარაუდობენ, რომ სკოლა სასულიერო
სასწავლებელს წარმოადგენდა, სადაც გაკვეთილებს თავად იოსებ მაკალათია ატარებდა. ოდნავ
მოგვიანებით კი სოფლის ცენტრმა ადგილი იცვალა, რასაც სკოლის ადგილმდებარეობის ცვლილებაც
მოჰყვა, თუმცა არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სკოლის დახურვასთან
ამ ფაქტს კავშირი არ აქვს და რომ მისი დახურვა საბჭოთა რეჟიმის დამყარებამ გამოიწვია,
რომელიც გაცხოველებით იბრძოდა ყოველგვარი რელიგიური გამოვლინებისა და მოძღვრების წინააღმდეგ.
ახალი ერა იწყება სეფიეთის საგანმანათლებლო
ცხოვრებაში 1923 წლიდან. მოსახლეობას სწავლა-განათლების აუცილებლობაში ეჭვი უკვე არ
ეპარება და საკუთარი სახსრებით, გაცილებით დიდი სკოლის მშენებლობის წამოწყებას ცდილობს.
მცდელობას შედეგი მოჰყვება და სოფლის ცენტრში, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების
მშენებლობა იწყება, რომელიც მოსახლეობის ძალისხმევით დასრულებულ სახეს ძალიან მალე
იღებს და მის გარშემო პირველ მოსწავლეებს იკრებს. სკოლა ერთ სართულიანი გახლდათ და
ის დაწყებითი საფეხურის იყო, თუმცა 1937 წელს მას მეორე სართულიც დააშენეს, რის შემდეგაც
საშუალო სკოლის სტატუსი მიენიჭა. სკოლამ წლების განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა აღზარდა
და დააყენა ცხოვრების ახალ ასპარეზე. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც სოფლისა
და სკოლის სახელი ქვეყნის მაშტაბით გაიტანეს.
სერგი მაკალათია-ისტორიკოსი
ლადო გრიგოლია- მხატვარი
სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგები ასწავლიდნენ,რომელთა უმრავლესობაც დღეს
ცოცხალი არ არის.ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს სოფლის
მოსახლეობის განათლების საქმეში და საზოგადოებრივი აზრი ახალ რელსებზე შესვეს. მათი
სახელების უკვდავსაყოფად 2015 წელს ისტორიკოსმა როლანდ მაკალათიამ სეფიეთის საჯარო
სკოლაში, სადაც სწავლა ამჟამად მიმდინარეობს, გააკეთა მემორიალური დაფა, რომელზედაც
მათი ფოტოებია განთავსებული.
1988 წელი. სოფლის ცენტრში კიდევ
უფრო დიდი და მაშტაბური სკოლის მშენებლობა იწყება, რაც არსებული სკოლის სიძველემ განაპირობა.
მისი მშენებლობის დასრულებისთანავე სწავლა-განათლება სწორედ იქ უნდა გაგრძელებულიყო,
თუმცა ძალიან ტრაგიკულად გაუთენდა 1993 წლის 3 დეკემბერი სოფელ სეფიეთს. მოსახლეობა,
ძველი სკოლის ფერფლად ქცევის თვითმხილველი გახდა. სავარაუდოდ ცეცხლი მწყობრიდან გამოსულ
საკვამურს გაუჩნდა, რამაც სკოლა ცეცხლის ალში გახვია. არსებული ინფრასტრუქტურიდან არაფერი
გადარჩენილა. ძალიან რთული ხანა დაუდგა სწავლა-განათლების სისტემას სოფელში, რომელიც
ვალდებული იყო ფერფლიდან აღმსდგარიყო, რათა ახალგაზრდები არ ჩამორჩენილიყვნენ თანამედროვე
სამყაროს რიტმს. პედკოლექტივი იძულებული გახდა, სწავლა ჯერ კიდევ ახალ, მშენებარე სკოლაში
გაეგრძელებინა. ნახევრად აშენებულ შენობას ფანჯრებიც კი არ ჰქონდა. არ არსებობდა გათბობის
სისტემა, რის გამოც ძალიან მტკივნეულად იხსენებენ სკოლის პერიოდს 90-იანი წლების მოსწავლეები
და მათ შორის ვარ მეც, რომელსაც ძალაინ მწარედ მახსოვს პერიოდი, როცა საკლასო ოთახშიც
ისე გვათოვდა, როგორც ეზოში გასულს.ეს იყო მწყობრიდან გამოსული ღუმელების პერიოდი,
როცა კვამლით სავსე ოთახებში ასოების გარჩევა გვიჭირდა. არსებული მძიმე პირობების მიუხედავად, საკუთარი მოვალეობის
ღირსეულად შესრულებაზე ხელი არ აუღიათ აღმზრდელ პედაგოგებს და წლების განმავლობაში
განაგრძობდნენ აქტიურ მოღვაწეობას. სკოლას სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს ჩაუტარდა
და მოეწყო ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სკოლის
დღევანდელ მდგომარეობას, ის სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. სკოლა აღჭურვილია
ყველა საჭირო რესურსით. არის კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს საშუალება
აქვთ ეზიარონ თანამედროვე ინტერნეტ სამყაროს. სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური
კადრებით, მათგან 6 სერთიფიცირებულია. სკოლის მიზანია ფეხი აუწყოს განათლების თანამედროვე
მოთხოვნებს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეში განათლებული, შემდგარი და ღირსეული
პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლა ჩართულია სასკოლო ქსელში და განსაკუთრებით აქტიურად
თანამშრომლობს რაიონის 4 სკოლასთან. სკოლა იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იყოს
შემოქმედი, სწავლაზე, სიახლეზე, ორიენტირებული და შესაბამისად წარმატებული.
სტატია შედგენილია ისტორიკოს როლანდ მაკალათიასთან ინტერვიუზე დაყრდნობით
ავტორი: ბიჭიკო ოჩიგავა
მომეწონა, წარმატებები
ReplyDelete